„ჩვენ ევროპული პერსპექტივა გვჭირდება“ – დავით ზალკალიანის ინტერვიუ ავსტრიულ სააგენტოსთან

ცნობილი ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს აქვეყნებს. 

ავსტრიული სააგენტო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში სრულყოფილი ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ამასთან, მინისტრმა APA-სთან საუბარში აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება ევროპული პერსპექტივა დასახული მიზნების განსახორციელებლად“. მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა აუცილებელია  ქვეყანაში რეფორმების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად. 

დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს არ სურს ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებით დაკმაყოფილება - „ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური მიზნები გვაქვს. ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა არის გაწევრიანება“.

რაც შეეხება ბრიუსელში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეფერხებას, ზალკალიანის თქმით “ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის გაფართოების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს“, მისი თქმით ევროპა „ამჟამად მზად არ არის გაფართოების პროცესისთვის“. მისი მოსაზრებით  დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის მისამართით გაჟღერებული სკეპტიკური გამონათქვამები „არასწორი სიგნალია“ ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის.

მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირი ისეთი პრობლემატური საკითხებით არის დაკავებული, როგორიც არის ბრექსიტი, მიგრაციის პოლიტიკა, თუ ფინანსური საკითხები, „საქართველოს არ სურს დროის დაკარგვა“ და ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში მეტი ინტეგრაციისთვის, აღნიშნა ინტერვიუში საქართველოს პირველმა დიპლომატმა. ეს განსაკუთრებით ეხება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებს. „ევროკავშირთან დაახლოების პროცესი ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. ის გვეხმარება გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და შევქმნათ ძლიერი, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული, კორუფციისგან თავისუფალი და ადამიანისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოება.“ 

საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ საპროტესტო აქციებზე მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ოპოზიციას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიას აძლევს, თუმცა „კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“. ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ „როდესაც ოპოზიცია რადიკალური პროტესტის ფორმებს მიმართავს და რევოლუციის მსგავსი სცენარის შექმნას ცდილობს, ეს კატეგორიულად მიუღებელია.“  მთავრობა ცდილობს თავიდან აირიდოს მსგავსი „რევოლუციური სცენარი“,  რადგან „ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება. სტაბილურობის გარეშე არ არსებობს განვითარება და კეთილდღეობა.“ APA-სთან საუბარში ზალკალიანმა მიუღებელი უწოდა იმ დემონსტრანტების ქმედებებს, რომლებიც  პარლამენტის დაბლოკვით ცდილობდნენ დეპუტატებისთვის ხელი შეეშალათ შენობაში შესვლასა და საქმიანობაში. მინისტრის აზრით, პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შესახებ დებატების წარმართვა.