ჩვენ მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ საქართველოს ატიურ მხარადჭერას - სტოლტენბერგი

06.12.2017 ქ. ბრიუსელი - 

„საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“-ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას. „მე გამოვხატე ჩემი და ნატო- საქართველოს პარტნიორობის მიმართ ჩემი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის  და საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარადჭერას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მივესალმებით რეფორმებს, რომელზეც საქართველოა ფოკუსირებული.  საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობას და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას.  ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ რეფორმებს და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ასევე მსურს აღვნიშნო. რომ საქართველო ნატო-ს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში და ჩართულია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო 900-მდე სამხედროთი, ერთერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას და მოუთმენლად ველი   ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. 

თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ნატოში ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჯანელიძის განცხადებით "საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე" და გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილული იქნა  საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.  კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ისევე როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. "ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ემყარება, ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამაყები ვართ, რომ წვლილი შეგაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტრიბუციას. მოხარულნი ვართ, რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ასევე ვისაუბროთ ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მისწრაფებებზე“ - განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.