ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანის კუთხით - დავით ზალკალიანი

17.10.2019 ქ. თბილისი- პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ დინამიკას ყველა მიმართულებით. მისი თქმით, გამორჩეული შედეგებია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანის, რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, აზია- ოკეანეთის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
 
დავით ზალკალიანმა ამ მიმართულებით გამოყო გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის  ვიზიტი საქართველოში, რომელიც 22-წლიანი პაუზის შემდეგ განხორციელდა;  საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური და იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტები; პირველად გამართული სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის; საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ინიცირებული  შეთანხმება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ თანამშრომლობის შესახებ. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდი მნიშვნელოვანი იყო ნორდიკულ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით, გაიმართა მინისტრის პირველი ნორდიკული ტურნე და ვიზიტები, ფინეთში, დანიასა და ნორვეგიაში, რომლის შედეგადაც ნორვეგიამ გადაწყვეტილება მიიღო  საქართველოში  საელჩოს გახსნის შესახებ.
 
რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, მინისტრმა ისაუბრა თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან და  თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების დასახვაზე; რეგიონის ქვეყნებთან უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებზე, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტებზე მეზობელ ქვეყნებში.
 
ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტზე,  საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტის, მნიშვნელობაზე. მინისტრმა აღნიშნა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის საელჩოების გახსნა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი და ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში; მან ასევე აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში, რომელიც თავისი ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი პარტნიორია.