ჩვენი გმირების მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ერთიანი და წარმატებული წევრი გახდება“ - დავით ზალკალიანი

9.04.2019 ქ. თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეროვნული ერთიანობის დღის - 9 აპრილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, 2019 წლის 9 აპრილს, საქართველო, ეროვნულ ერთიანობასთან ერთად, იმ ტრაგიკული მოვლენების 30 წლისთავსაც ეხმიანება, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია.

თავის გამოსვლაში მინისტრმა 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა სასტიკი დარბევის დღე გაიხსენა, რომლის შედეგადაც   21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დემონსტრანტი დაშავდა  და ტოქსიკური ნივთიერებებით მოიწამლა. ზალკალიანის  თქმით, „ტირანიამ თავისი მახინჯი ნიღაბი 9 აპრილს საბოლოოდ ჩამოიხსნა, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ საქართველოს პოლიტიკური ვექტორიც  სწორედ ამ დღეს განისაზღვრა“ - დასძინა ზალკალიანმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, თავისუფლებისკენ საქართველომ გრძელი და რთული გზა გაიარა და 1991 წლის 9 აპრილს, ეროვნული რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი  მიიღო.
 
9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე საუბრისას, ზალკალიანმა პარალელი გაავლო  1978 წლის ქართული საზოგადოების მასშტაბურ პროტესტთან, რომელიც   კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ გადაწყვეტილების თანახმად,  ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა და სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ცხადდებოდა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის კულმინაციას 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ტერიტორიის  20 პროცენტის ოკუპაცია წარმოადგენს. მისი თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს მცოცავ ანექსიას და საოკუპაციო ხაზის გაძლიერებას მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით, რაც ერთმანეთისგან თიშავს ოჯახებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და  სამედიცინო მომსახურებებით სარგებლობის უფლებას ართმევს.
 
„ჩვენ ერთგულნი ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის პოლიტიკის , თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა  წითელ ხაზებია. ამიტომ,  რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არაერთხელ შეეცადა საქართველოს დაბრუნებას თავის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ორბიტაზე. მაგრამ, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს მუდამ ემახსოვრება თავისი გმირები, რომლებიც შიშველი ხელით ცდილობდნენ საბჭოთა ტანკების შეჩერებას.

„მათი მსხვერპლი ამაო არ ყოფილა.  რადგან საქართველო  ევროკავშირისა და ნატოს ერთიანი და წარმატებული წევრი გახდება“ - ხაზგასმით აღნიშნა ზალკალიანმა.