"ჩვენი მთავარი ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამოქმედებულ იქნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექნაიზმები“ - ლაშა დარსალია

4.11.2019 თბილისი - „ჩვენი მთავარი ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამოქმედებულ იქნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექნაიზმები“ - ლაშა დარსალია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ კომენტარი გააკეთა 4 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც 60 წლამდე ასაკის ქალბატონი დაშავდა და საჭირო გახდა, მკურნალობის მიზნით, მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.
 
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შედეგად, ადგილზე საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება და ხშირ შემთხვევაში ამის გამო არ ეძლევა, მათ შორის, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
 
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას ახდნენ.
 
 „ქართული მხარე ყველა საერთაშორისო ფორმატში ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების სტატუს ნეიტრალური მიდგომებით განხილვის აუცილებლობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.  ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, პირველი რიგში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარებთან, რათა გაიხსნას საოკუპაციო ხაზი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია, და მოსახელობას გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეს“ - აღნიშნა დარსალიამ.