“ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი ქრისტიანობიდან მომდინარეობს”- დავით ზალკალიანი

22.10.2018 .თბილისი - „ჩვენთვის დიდი პატივია მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერის საქართველოში ვიზიტი, რაც მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებას და საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების გაღრმავების ძლიერ სტიმულს წარმოადგენს.“ - განაცხადა საქარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ, წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ვიზიტების მზარდ დინამიკაზე. მან  ასევე ისაუბრა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებულ საუკუნოვან კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ წმინდა საყდრიდან საქართველოში პირველი ვიზიტი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში განხორციელდა.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მუდმივად ვგრძნობთ წმინდა საყდრის მტკიცე მხარდაჭერას. გვახსოვს გვერდში დგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგ. მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მსურს, ასევე ხაზი გავუსვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, რასაც კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობა წარმოადგენს. უაღრესად მადლიერები ვართ საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოს მხრიდან მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედსა და ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანზე.

 „ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენიც სწორედ ქრისტიანობიდან მომდინარეობს, რადგან საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ცივილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ევროპული ქვეყნის ცივილიზაცია, წარმოიშვა და განვითარდა „ქრისტიანულ ფესვებზე. ისტორიულად, კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ საქართველოს აღმშენებლობის გზაზე. ქართველმა კათოლიკეებმა - სულხან-საბა ორბელიანმა, მიხეილ თამარაშვილმა, მიხეილ თარხნიშვილმა, პეტრე ხარისჭირაშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა, ზაქარია ფალიაშვილმა, სტეფანე და პეტრე მელიქიშვილებმა, სიმონ ყაუხჩიშვილმა, პეტრე ოცხელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში კულტურის, განათლების და მეცნიერების  განვითარებაში.“ - აღნიშნა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანის განცხადებით, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე,  რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგებზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების  სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი. ამასთან, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საქართველომ ორჯერ უმასპინძლა რომის პაპს - 1999 წელს იოანე-პავლე II-ს და 2016 წელს - ფრანცისკეს.

პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს 21-24 ოქტომბერს სტუმრობს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. სახელმწიფო მდივანი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი  ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. მთავარეპისკოპოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექეციას გამართავს. ის ასევე ეწვევა მცხეთას და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.