„ჩვენი თანამემამულეების ინფორმირების, მათი საჭიროებების გარკვევის მიზნით დიასპორასთან რეგულარულ შეხვედრებს ვმართავთ“ - მიხეილ ჯანელიძე

25.09.2017 თბილისი - „ჩვენი თანამემამულეების ინფორმირების, მათი საჭიროებების გარკვევისა და პროექტების ერთობლივად განხორციელების მიზნით დიასპორასთან ვმართავთ რეგულარულ შეხვედრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თანამემამულეებთან გაიმართა მრავალი შეხვედრა როგორც მინისტრის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ანკარაში, პარიზში, მიუნხენში, ნიუ-იორკში, ბერლინში, ტოკიოში, თელავივში, აშკელონში, ბარსელონაში, ალიკანტეში, სტოკჰოლმში, ვენაში, ბერლინში, ინეგოლში, იზმირში, პარიზსა და ბორდოში.

მინისტრის განცხადებით დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შემუშავდა წინა საროტაციო მოდულები. როტაციაში მონაწილე დიპლომატებს ჩაუტარდათ  სემინარები დიასპორის ისტორიასა  და პრობლემატიკზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა მოხდა  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დიასპორის საკითხზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა, რაც მისი თქმით ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ინტენსიური კავშირის დამყარებას.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ დიასპორული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სათანადო დონეზე ჩატარების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად და ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით შემუშავდა დიასპორული კალენდარი, რომლის მეშვეობითაც მყისიერად არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამასთან ერთად, მინისტრმა ასევე ისაუბრა ყოველთვიური დიასპორული ბიულეტენის შესახებ, რომელიც დიასპორის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ დიასპორული ბიულეტენი საელჩოებისა და დიასპორული ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მაისიდან საპილოტე რეჟიმში გამოიცემა.