„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანულმა კომპანიებმა საქართველოში არამარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ გერმანული ნოუ-ჰაუს დანერგვასაც შეუწყონ ხელი,“ - მიხეილ ჯანელიძე

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანულმა კომპანიებმა საქართველოში არამარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ გერმანული ნოუ-ჰაუ დანერგვასაც შეუწყონ ხელი,“ ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური დარგის გერმანელ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრის შედეგად უმსხვილესი გერმანული საინფორმაციო სააგენტოს (DPA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გერმანულმა ინტერნეტ-ჟურნალმა “Focus”-მა გამოქვეყნა სტატიას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ბიზნეს გარემოს შესახებ.

სტატიაში სახელწოდებით „ქართული ეკონომიკა გერმანული ნოუ-ჰაუს საშუალებით განვითარებას ისახავს მიზნად“ აღნიშნულია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებულია 4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება. წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით კი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება  გერმანული ინვესტიციების და კომპანიების მოზიდვას.  მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე დიდი ყურადღება ეთმობა რეგიონალურ და სატრანსპორტო განვითარებას, აეროპორტების, სარკინიგზო გზებისა და პორტების მშენებლობას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს უწყობს  ისიც, რომ გერმანული ენა საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, რაც გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობას ამარტივებს. მინისტრი სანიმუშოდ კომპანია „ჰაიდელბერგ-ცემენტის“ საქმიანობას ასახელებს, რომელსაც დასაქმებული ჰყავს თითქმის 1200 ქართველი თანამშრომელი და ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე.

საქართველოსა და გერმანიას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების და გერმანიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ქართულ-გერმანული წლის დასასრულს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარ ქვეყნად წარდგენა.

ვრცლად იხილეთ:  „ქართული ეკონომიკა გერმანული „Know-how”-ს საშუალებით განვითარებას ისახავს მიზნად"