დანიაში ქართული ენის დღე აღნიშნეს

16.04.2019 დანია- ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ჩართულობით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ირინე დარჩიას საჯარო ლექცია „საქართველო - ოქროს საწმისის, ღვინისა და განუმეორებელი დამწერლობის სამშობლო“.
 
ლექცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა გიგი გიგიაძემ, რომელმაც ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და ხაზი გაუსვა ქართველი ერის თვითმყოფადობაში ქართული ენის მნიშვნელობას.
 
ლექციის ფარგლებში ირინე დარჩია დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ქართული ენის თავისებურებებსა და მისი განვითარების საფეხურებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ლინგვისტურ რუქაზე ქართული ენის ადგილსა და საუკუნეების განმავლობაში მის სხვა ენებთან კავშირებზე.
 
ლექციის შემდეგ გაიმართა მცირე მიღება, რომლის დროსაც დიპლომატიური კორპუსისა და დანიური აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ დამატებით ინფორმაციას ქართული ენის შესახებ.