დანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

27.05.2019 დანია- დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება დანიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ქართული ანსამბლის „შავნაბადას“ მიერ შესრულდა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ.
 
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მნიშვნელოვანი დღის საქართველოსთან ერთად აღნიშვნისთვის. საკუთარ მოხსენებაში გიგი გიგიაძემ ისაუბრა დემოკრატიული საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას.

საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და დანიას შორის არსებულ მზარდ ორმხრივ თანამშრომლობაზე და დანიის მთავრობის წარმომადგენლებს  მადლობა გადაუხადა დანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ასპირაციის მუდმივი მხარდაჭერისათვის.
 
ოფოციალურ მიღებას ესწრებოდნენ დანიის სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების, კოპენჰაგენში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, აკადემიური, კულტურული და ბიზნეს წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.