დანიაში საქართველოს საელჩომ ბიზნესმენების 60 კაციან ჯგუფს უმასპინძლა

26.09.2019 დანია - საქართველოს საელჩომ დანიელი ბიზნესმენების 60 კაციან ჯგუფს უმასპინძლა ქალაქ ოლბორგიდან. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ მცირე და საშუალო ზომის დანიური კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო გააცნო.

საკუთარ პრეზენტაციაში გიგი გიგიაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მოქნილ საგადასახადო სისტემაზე, კვალიფიციურ მუშა-ხელზე, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებულ კანონმდებლობაზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე. ასევე, ისაუბრა ქვეყანაში სწრაფად მზარდ ტურიზმის სექტორზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სატრანზიტო პოტენციალზე. მოხსენების შემდეგ საქართველოს ელჩმა უპასუხა დანიელი ბიზნესმენების შეკითხვებს ქართულ ბაზართან და დანიიდან საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.