დანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობის შემცირება საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგია - დანიის მიგრაციის მინისტრი

დანიის მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობის შემცირებას. ამაზე საუბარია წერილში, რომელიც დანიის სამეფოს მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა ინგერ სტოიბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს გამოუგზავნა.

დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრის მიხედვით, „საქართველოს მთავრობა მთელი სერიოზულობით მოეკიდა ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ წარმოქმნილ გამოწვევებს“. დანია მაღალ შეფასებას აძლევს „საქართველოს მიერ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ მთელ რიგ ღონისძიებებს, კერძოდ საინფორმაციო კამპანიებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის  გაღრმავებას, რომელთა მიზანია  შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის აღკვეთა“. 

ინგერ სტოიბერგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს დანიაში უკანონოდ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესის დაჩქარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

წერილის მიხედვით,  დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთათვის  სწრაფი პროცედურა მოქმედებს.
დანიის  მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი პოზიტიურად აფასებს დავით ზალკალიანის ვიზიტს დანიაში და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.