დავით დონდუა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედ ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა

25.09.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედ ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგსა და პოლიტიკურ მრჩეველს, გრჟეგორჟ იაზოვსკის. 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის გამაგრებას მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, რაც დამატებით ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ადგილობრივ მაცხოვრებელთა წვდომას საკუთარ მიწის ნაკვეთებზე. აქცენტი გაკეთდა ასევე უკანონო დაკავებებსა და აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის შედეგად გამოწვეულ მძიმე შედეგებზე. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებული მძიმე ვითარების კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის მნიშვნელობას.

დავით დონდუამ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მიზანმიმართულად დანგრევის გამო და აღნიშნა, რომ ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული მორიგი ქმედება.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის.