დავით დონდუა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა

26.09.2017 თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუს, შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული ვითარება. საუბარი შეეხო იმ მძიმე შედეგებს, რაც გამოწვეულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გააქტიურებით, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით, საოკუპაციო ხაზის გამაგრებით სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებებითა და სხვ. განხილულ იქნა ადგილზე მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოსა და გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში  ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე და ამ მიზნით ეფექტური გზების გამონახვაზე. 

შეხვედრის ბოლოს, დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებასა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვაში შეტანილი წვლილისთვის.