დავით დონდუა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებებზე ესაუბრა

2018 წლის 20 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა სიტყვით გამოვიდა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრა გაიმართა „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ემსახურებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას. ღონისძიება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

დავით დონდუამ თავის გამოსვლაში შეაჯამა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე ადგილზე არსებული ვითარება და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა. მან მიმოიხილა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე გაწეული მუშაობა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციების გამო, კვლავ ვერ ხერხდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა როგორც ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ისე  ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას. 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ეს საკითხები მუდმივად მწვავედ დგას როგორც ჟენევის მოლაპარაკებების, ისე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგში. საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე,  მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებასა და უკანონო დაკავებებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა აქტიურ ჩართულობასა და ქალთა საჭიროებებზე მუშაობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ძალისხმევას „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებისა და ზოგადად, სამშვიდობო პროცესებში ქალთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.