დავით დონდუა შეხვდა საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრიოს კარაბალისს

28.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრიოს კარაბალისს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. დავით დონდუამ საბერძნეთის ელჩს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის შედეგებზე. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების უკანონო პროცესს. აღნიშნულ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და სამშვიდობო პროცესში არსებულ დაბრკოლებებზე.

დავით დონდუამ და დიმიტრიოს კარაბალისმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე.

შეხვედრის დასასრულს დავით დონდუამ წარმატება უსურვა საბერძნეთის ელჩს მის საქმიანობაში. მხარეების მიერ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაფიქსირდა.