დავით დონდუამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

31.10.2019 ავსტრია- ავსტრიაში საქართველოს ელჩმა და საქართველოს  წარმომადგენლმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში დავით დონდუამ ეუთო-მუდმივ საბჭოზე ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მან ეუთო-მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სოფლებში, ჩორჩანასა და გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას.
 
ამ კუთხით, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ახალგორის მკვიდრის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე, რომელმაც ვერ მოახერხა საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება თავისუფალ გადაადგილებაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო. მან აღნიშნა, რომ შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რეგიონზე და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ.