დავით დონდუამ გაეროს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

 
2018 წლის 26-27 თებერვალს ქალაქ ნიუ იორკში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, მიროსლავ იენჩასა და გაეროს პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის ევროპის განყოფილების დირექტორს, ლევენტ ბილმანს, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  43-რაუნდზე გაეროს მხრიდან თანათავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

დავით დონდუამ გაეროს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამი ქართველი იძულებით გადაადგილებული პირის უკანონო დაკავებაზე, რამაც ერთ-ერთი მათგანის - არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე შეიწირა. ხაზი გაესვა გარდაცვლილის ცხედრისა და უკანონოდ დაკავებული პირების საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაუყოვნებელი გადმოცემის აუცილებლობას. ამ ფონზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების შესვლის აუცილებლობას.
დავით დონდუამ ხაზგასმით აღნიშნა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე არსებითი პროგრესის მიღწევის აუცილებლობა. მან ყურადღება გაამახვილა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მინისტრის მოადგილემ გაეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნა სამშვიდობო პროცესში გაეროს ინსტიტუტებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის მნიშვნელოვანი როლი.