დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან მარსელ კაპისთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან

12.02.2018 ქ. თბილისი-ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ფორმირებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების შესახებ, აგრეთვე ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას სოხუმსა და ახალგორში. აღინიშნა, რომ ეს უკანასკნელი, საოკუპაციო ხაზზე სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფონზე, კიდევ უფრო ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და იწვევს მათ სოციალურ იზოლაციას.
 
განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და სხვა ფუნდამენტური უფლებების შელახვა ეთნიკური ნიშნით. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართულად განადგურებას, ამ კონტექსტში აღნიშნა სოფელ ერედვში განვითარებული მოვლენები და ოკუპირებულ რეგიონებში კერძო საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობა.    

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო ბოლო რაუნდების განმავლობაში შექმნილი დინამიკა და განხილული საკითხები.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობისთვის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.