დავით დონდუას შეხვედრა ნიკოლას ბერლინერთან

6.03.2017, თბილისი -  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
 

შეხვედრაზე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის საკითხები. ყურადღება გამახვილდა პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე ჟენევის ფორმატის მთავარ თემებზე, როგორიცაა: ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის რეგიონში კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის გამო, რაც მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს მოიტანს ისედაც რთულ ყოფაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმზე, როგორც ოკუპირებული რეგიონების ანექსიისათვის საფუძველის მომზადების მცდელობაზე. ამ ფონზე დავით დონდუამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასებებისა და პროაქტიული ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების  მოგვარების პროცესში.

 
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო  ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ორმხრივი, ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს.