დავით სოლომონია პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

28.02.2019 ბოგოტა-  ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების  მე- 11 სამიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის , დავით სოლომონიას ორხმრივი შეხვედრა პერუს დელეგაციის ხელმძღვანელთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - უგო დე ზელა მარტინესთან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები,  როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
 
დავით სოლომონიას შეხვედრა პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც მიმდინარეობს  ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების მე- 11 შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იქნა მიწვეული სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.
 
ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის უმთავრეს საკითხს  წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუციის განხილვა, განსაკუთრებით  კი 23 თებერვალს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შემდეგ ქვეყანაში შემქნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, რაც შეფასდა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა.  შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა ბოგოტას დეკლარაცია, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას.  
 
ლიმას ჯგუფი წარმოადგენს 14 სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელიც 2017 წლის აგვისტოში პერუს დედაქალაქში შეიკრიბა და მიზნად ისახავს ვენესუელაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, რაც გულისხმობს დიქტატორული რეჟიმის ცვლიელებას და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისადმი ვენესუელაში შემქნილი მდგომარეობის გამო.