დავით ზალკალიანი GCC-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

21.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ - ​გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივნის მოადგილესთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, აბდულაზიზ ალ-უვაიშეგთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. შეხვედრისას განხილულ იქნა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ეკონომიკის, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურიზმის და კულტურის სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ საქართველოსა და ყურის არაბული ქვეყნების საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა GCC-ის გენერალური მდივნის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ბოლო განვითარებებზე.

ყურის თანამშრომლობის საბჭოში შედიან საუდის არაბეთის სამეფო, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, ომანის სასულთნო, ბაჰრეინის სამეფო.