დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

10.10.2018 გერმანია-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ფრანკფურტში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტთან.


შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქათველო-გერმანიის მჭიდრო მეგობრობას.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული მოვლენის უაღრესად დიდ მნიშვნელობას, არა მხოლოდ გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, არამედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების გათვალსწინებითაც და აღნიშნა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეწუყობს ხელს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ევროპაში.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაესვა რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დასახული ამოცანები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების რეგულარული კონტაქტისთვის შესაბამისი ფორმატების არსებობის მნიშვნელობაზე, რასაც ასევე ხაზი გაუსვა კანცლერმა მერკელმა თბილისში ვიზიტის დროს.


გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე აღინიშნა გერმანიის ჩართულობისა და მისი როლის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.


საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, დადებითად შეფასდა საქართველოს მეირ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ასევე საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის’ სახით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას და დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 ​