დავით ზალკალიანი ალბანელ კოლეგას შეხვდა

6.12.2018 მილანი - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებას, საქართველოს რეფორმების კურსს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას დაეთმო საუბარი საქართველოსა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.

დავით ზალკალიანისა და დიტმირ ბუშატის შეხვედრა ქ. მილანში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებასა და წინსვლას როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქრთველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ და ამ მხრივ, დადებითად შეაფასა ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. დიტმირ ბუშატმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებს; საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს პრობლემატიკას სათანადო ადგილი დაეთმობა ეუთოში ალბანეთის თავმჯდომარეობის პერიოდში.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძონ მაღალ დონეზე კომუნიკაცია და კავშირები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის.