დავით ზალკალიანი ამერიკულ-ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტთა კონფერენციის აღმასრულებელი თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

15.05.2017, თბილისი - 2017 წლის 15 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი შეხვდა ამერიკულ-ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტთა კონფერენციის აღმასრულებელი თავმჯდომარის მოადგილეს, მალკოლმ ჰეინლაინს.
 
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული და ყოვლისმომცველი პარტნიორობა იძლევა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 8-10 მაისს, ქ. ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წარმატებული ვიზიტს და მის შედეგებს.
 
შეხვედრისას აგრეთვე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესები.