დავით ზალკალიანი არგენტინაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან

20.03.2019 ბუენოს-აირესი - ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში 19-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით არგენტინაში იმყოფება.  დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში“ და სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.  

აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ კონფერენციაში პირველად მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხორხე ფორისთან, არგენტინის ტურიზმის მინისტრთან გუსტავო სანტოსთან, არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრეზიდენტთან. დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ასევე კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება ბუენოს-აირესში პარაგვაის კულტურის სახლის გახსნას პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით. ასევე გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭების ცერემონია.

აღსანიშნავია, რომ არგენტინაში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია დავით კირვალიძე, რომელიც საქართველოს კანდიდატია სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე, დავით კირვალიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრებში ცალკეული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.