დავით ზალკალიანი არგენტინის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

25.01.2019 მადრიდი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ქ. მადრიდში არგენტინის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან გუსტავო სანტოსთან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

დავით ზალკალიანმა გუსტავო სანტოსთან მიმოიხილა საქართველო-არგენტინის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების პრიორიტეტულობას. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოსა და არგენტინას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ასევე არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მხრიდან უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის მზარდი დაინტერესება, რასაც საქართველო, როგორც ტურისტული დანიშნულების ქვეყანა, იძენს საერთაშორისო ვიზიტორების, მათ შორის, ესპანელი ტურისტების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მოინახულებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას “FITUR”, რომელიც ესპანეთის მეფემ გახსნა და სადაც საქართველო არის წარმოდგენილი სხვადასხვა რეგიონის პავილიონით. აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნის ცერემონიაზე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ესპანეთის მეფეს ორგანიზაციის სიგელი გადასცა მსოფლიოში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. არგენტინის მიღებაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე არგენტინასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.