დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენის შესახებ

18.01.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას გამოეხმაურა.  

“ის ფაქტი, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენა, მიანიშნებს საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობას. ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით კონგრესმენებს კონოლისა და კინზინგერს საქართველოსადმი მუდმივი ყურადღებისა და ძლიერი მხარდაჭერის გამო“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენის შესახებ.      
 
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთ პირველ ინიციატივად, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ახალმა თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯერალდ კონოლიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც წინა მოწვევის კონგრესის მიერ იქნა მხარდაჭერილი.  

ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და  რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა  დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

იმისათვის, რომ კანონპროექტმა კანონის ძალა მიიღოს საჭიროა, მისი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცება. კერძოდ ახლად არჩეულ  წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის დადსტურების შემდგომ ის დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნება და აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.
 
მინისტრის თქმით, როგორც ცნობილია, საქართველო  აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალი მოწვევის კონგრესში აღნიშნული აქტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდება.