დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციას შეხვდა

28.05.19  თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენების ოფისების თანამშრომლები. დელეგაცია საქართველოს საგანანმანათლებლო და კულტურული გაცვლების პროგრამის (MECEA) ფარგლებში სტუმრობს.

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ 22 მაისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის დამტკიცება ამ განუხრელი მხარდაჭერის მორიგი, მკაფიო დემონსტრირებაა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტებზე. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და კონკრეტულ ინიციატივებზე, რომლებიც აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მოემსახურება.

შეხვედრაზე  მინისტრმა, ასევე, მიმოიხილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები  და აშშ-ის კონგრესის დელეგაციას დეტალური  ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის თაობაზე, ასევე, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე.   მინისტრმა სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კონფლიქტის დარეგულირების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ინიციატივებზე.
აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციის  ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.