დავით ზალკალიანი ავღანეთის საკითხებზე აშშ-ს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს ავღანეთის საკითხებში ზალმაი ხალიზადს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოს აქტიურ მონაწილეობას  ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობისთვის, და ასევე იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო გამოხატავს ავღანეთში ვითარების დარეგულირებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის.  

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დადასტურა რომ საქართველო, როგორც ცივილური სამყაროს აქტიური წევრი გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობას და მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ავღანეთთან თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხში, ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ლაპის-ლაზულის პროექტის იმპლემენტაციას, რაც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია და ხელს უწყობს პროექტში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და ავღანეთის ეკონომიკურ განვითარებას.