დავით ზალკალიანი ბოცვანის რესპუბლიკის საერთაშორისო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2019 წლის 3 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბოცვანის რესპუბლიკის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს, დოქტორ იუნითი დოუს შეხვდა, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურების საკითხები და ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საუბრისას, ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ბოცვანის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის გაღრმავებისა და  ბოცვანისთვის საქართველოს რეფორმატორული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისთვის. ბოცვანის მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დაცვით, ჩვენ ყველა იმ თემატიკაზე, რომელიც აქტუალურია ბოცვანისა და საქართველოსთვის, გვაქვს ურთიერთგაგება და მხარდაჭერა.“- აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში ბოცვანის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეხვდება.

უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოცვანის დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.