დავით ზალკალიანი ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ცრნადაკისთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე საქართველოს წარმატებას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ბოსნია და ჰერცოგოვინას მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით.

კმაყოფილებით აღინიშნა ბოსნია და ჰერცოგოვინის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების თაობაზე.