დავით ზალკალიანი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

04.07.2018 ქ.  ბერლინი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როეტგენთან. 

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა როეტგენს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც მხარეების შეფასებით მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას ეფუძნება.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რომელიც ასევე წარმოდგენს ახალი მინისტრთა კაბინეტის სტრატეგიის უმთავრეს მიზანს და ამ მიზნის განხორციელებისათვის დაგეგმილ ქმედებებს. საუბარი შეეხო ნატო-ს მოახლოებულ სამიტს, გამოითქვა იმედი, რომ სამიტის ფარგლებში ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი, ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, ისევე როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გლობალურ უსაფრთხოებაში. 

მინისტრმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. საუბარი შეეხო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობას შემდგომი დანაშაულებების პრევენციისთვის.

დავით ზალკალიანმა ნორბერტ როეტგენს გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, ინიციატივები, რომელიც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის იმ შესაძლებლობების შეთავაზებას, რაც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლს რეგიონში.