დავით ზალკალიანი ერაყელ კოლეგას შეხვდა

26.02.2019 ქ. ჟენევა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟენევაში გაერო-ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ალი ალჰაკიმს შეხვდა.
 
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ერაყის ურთიერთობები და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი მათ შემდგომ გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ერაყელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული პროცესების, ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური რეფორმების, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. საუბარი შეეხო წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობას, ისევე როგორც ეკონომიკური მიმართულებით ურთერთობის გაღრმავების შესაძლებლობებს. აღინიშნა განათლების სფეროში თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა საქართველოსა და ერაყს შორის.
 
მინისტრებმა მიმოიხილეს ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების გზები. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და ურთიერთსაჭირო საკითხებზე შემდგომ კოორდინაციას.