დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

25.01.2019 მადრიდი - საქართველოსა და ესპანეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მადრიდში გამართული შეხვედრისას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით იმყოფება.

ესპანურმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ქართველ სამართალდამცავებთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. ამ მიმართულებით მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ესპანეთსა და საქართველოში პოლიციის ატაშეების საქმიანობას. 

შეხვედრაზე  მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზაობა გააღრმაონ  თანამშრომლობა სხვადასხვა სხვადასხვა მიმართულებით. დადებითად შეაფასეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოს კრიმინალურ პოლიციასა  და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიას შორის გაფორმდება და რომლის ხელმოწერაც დაგეგმილია ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რასაც მაღალი შეფასება ეძლევა პარტნიორების მხრიდან. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროიტეგრაციის მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა იმ მაღალი დონის ფორმატების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია და განსაკუთრებით აღნიშნა უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგი და საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. 

ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრისას კიდევ ერთხელ  ხაზი გაესვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მინიჭების როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ამ მიმართულებით  საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და აღინიშნა, რომ ქვეყანა ეფექტურად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს.  მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პრაქტიკულ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოიტანა, განსაკუთრებით, ბიზნეს კავშირების განვითარების თვალსაზრისით. 

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ესპანეთის წარმატებული თანამშრომლობა   საქართველო-ევროკავშირის რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ესპანურმა მხარემ დადებითად შეაფასა ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. მათ შორის, დადებითი შეფასება მიეცა  ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის ზრდის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის ბოროტად გამოყენების ფაქტების პრევენციისთვის ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომვალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ესპანეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მხარდაჭერისათვის.

დავით ზალკალიანმა საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში მოიწვია.