დავით ზალკალიანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობს ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაში, რომელიც 2018 წლის 6-7 დეკემბერს ქ. მილანში მიმდინარეობს.  
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
 
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტთა საბჭოს სხდომაზე ასევე მიიღებენ საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებას, რომელიც ასევე შეეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მის თანმდევ შედეგებს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, კვლავ  აქტიურად იდგეს ორგანიზაციის დღის წესრიგში.
 
„ეუთო-ს მინისტერიალს ჩვენ   გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ უსაფრთხოების კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია იყოს ადეკვატურად შეფასებული. მოგეხსენებათ, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე უკვე წლებია რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო ვერ ხერხდება საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება რადგან ეუთო-ში მოქმედებს კონსესუსის პრინციპი, თუკი ერთი ქვეყანა წინააღმდეგია გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ ჩვენ მუდმივად გვიხდება ამ პრობლემასთან გამკლავება.  უკვე  რამდენიმე წელია ეუთო-ში არსებობს  საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ფორმატი, სწორედ ამ ჯგუფში ვცდილობთ რომ მოხდეს  ჩვენთვის აქტუალური საკითხების შეფასება.  ბუნებრივია, წელსაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა არის განხორციელებული. მოლოდინი გვაქვს რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ იქნება მიღებული შესაბამისი განცხადება სადაც ყველა ეს პრობლემა იქნება ადეკვატურად ასახული“-აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართება სუამის მინისტერიალი და ასევე პირველად გაიმართება სუამი-კანადის ფორმატით შეხვედრა, რა დროსაც მონაწილეები მიიღებენ ერთობლივ განცხადებას.   

დავით ზალკალიანი ასევე შეხვედრებს გამართავს ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან. მათ შორის შეხვდება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს- ტომას გრემინგერს, ODIHR-ის დირექტორს-დინგიბიორგ გისლადოტირის და ჟენევის მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებს რუდოლფ მიხალკას, ჯიჰან სულთანოღლუს და ტოივო კლაარს.