დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

6.12.2018 მილანი - ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაზე გამოსვლისას დავით ზალკალიანმა, კიდევ ერთხელ, მწვავედ დააყენა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემურ დარღვევაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.
 

“ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით საოკუპაციო ხაზის გამაგრების შედეგად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ ორივე რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევით, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციით. ამასთან, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს და ლტოლვილს - ეთნიკური წმენდის მსხვერპლს, კვლავ წართმეული აქვს თავის საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება“ - განაცხადა მინსტრმა.
 
დავით ზალკალიანმა ეუთოს ტრიბუნიდან არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტებზე ისაუბრა:
 
„ქართველი იძულებით გადაადგილებული პირის - არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც გასულის წლის მარტში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა და წამებით მოკლა, ასევე ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების - გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები წარმოადგენს კიდევ ერთ შეხსენებას იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საგანგაშოა საქართველოს ორივე რეგიონში, სადაც საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს შესვლის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია” -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
 
მინისტრის თქმით, საქართველო განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციულ მონაწილეობას. იცავს რა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს, საქართველომ ცალმხრივად არაერთხელ იკისრა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციას თავადაც იკისროს და შეასრულოს შემხვედრი საერთაშორისო ვალდებულება. დავით ზალკალიანის განცხადებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების როლს და მნიშვნელობას, რომელთა მუშაობაც დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით.
 
დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და მის მნიშვნელობაზე.
 
„საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა ომითა და საოკუპაციო ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით. ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, მკაფიოდ ადასტურებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის მიმართ ჩვენს ერთგულებას“ - განაცხადა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანის თქმით,უსაფრთხოების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე საუბრისას მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროცესი თავისუფალ და კონკურენციულ გარემოში წარიმართა. მან ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს მადლობა გადაუხადა არჩევნების მონიტორინგისთვის დაადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინების მზაობა გამოთქვა.
 
დავით ზალკალიანმა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონფლიქტები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე უნდა გადაწყდეს და შეშფოთება გამოთქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული შეიარაღებულ აგრესიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.