დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს შეხვდა

30.04.19 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და აზიის მიმართულებების მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.
 
დავით ზალკალიანმა და თომას მაირ-ჰარტინგმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და აქტუალური საკითხები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმები, ევროკავშირში/შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილე და მის ფარგლებში, 13-14 მაისს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილი მინისტერიალი და უმაღლესი დონის კონფერენცია. ისაუბრეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობასა და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე. მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის მძიმე ფონი, რომელიც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში და ასევე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელების საქმეში ევროკავშირის ჩართულობის საკითხზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.

ევროკავშირის ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, თომას მაირ-ჰარტინგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  (28 მაისი - 2 აპრილი) ხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი ხელისუფლების  მაღალი რანგის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.