დავით ზალკალიანი ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

1.09.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებთან.
 
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხს და კონფლიქტის გადაჭრის საქმეში ევროკავშირის როლს. ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოწოდებებს რუსეთის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით  აღებული ყველა ვალდებულების უპირობოდ შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე დაფიქსირდა ქართული მხარის სურვილი, რომ რუსეთთან საუბრისას საქართველო მუდმივად იყოს ევროპელი პოლიტიკოსების დღის წესრიგში.
 
მინისტრის განცხადების თანახმად, მიუხედავად გამოწვევებისა საქართველომ შეძლო ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ამასთანავე დ. ზალკალიანმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის აქტუალურ საკითხებზე. ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, უვიზო რეჟიმის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგი ეტაპებისთვის საჭირო რეფორმების კონსოლიდაციას და ქვეყნის მზაობის უზრუნველყოფას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა ასევე მიმდინარე კვირას დაგეგმილ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობას  საქართველოში. ამასთან ერთად, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები.  
 
შეხვედრის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ  ეს კიდევ ერთ მაგალითია რომ საქართველო არის ევროპული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში.