დავით ზალკალიანი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

5.04.2019 ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ვაშინგტონში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ -ცინცაძესთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის ისტორიულ მეგობრობას, ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო საერთო გამოწვევებს და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრინის ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციას. დადებითი შეფასება მიეცა შავ ზღვასთან დაკავშირებით ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალზე დამტკიცებულ ღონისძიებათა ახალ პაკეტს და აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი უნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის, არამედ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს და საქართველოსა და უკრაინის ხედვებს ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებზე და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობას.