დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში შეხვედრებს მართავს

7.03.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი 2017 წლის 6-10 მარტს სამუშაო ვიზიტით ქ. ჟენევაში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებთან. 

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ. შეხვედრის მონაწილეების მხრიდან, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამით უხეშად ირღვევა მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლება და ე.წ. გადასასვლელების დაკეტვა განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება სკოლის მოსწავლეებზე, მოხუცებსა და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებზე. 

შეხვედრებზე იმედი გამოითქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შესაბამის შეფასებას მისცემს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და ბოლოდროინდელ განვითარებებს.