დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგას შეხვდა

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიბიელ კოლეგასთან, მოჰამედ ტაჰა სიალასთან.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრის პარალელურად შეხვედრაზე განხილული იქნა ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი. დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში ჩართულობისთვის და ასევე იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენ პირებთან მიმართებაშიც ლიბია ძალისხმევას არ დაიშურებს პროცესის დროული დასრულებისა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებისათვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქართული მხარე ყურადღებით ადევნებს თვალს ლიბიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოთქვამს, რომ ლიბიის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით შეძლებს ქვეყნის მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფას. მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება განავითარონ მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.