დავით ზალკალიანი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორს, პასკალ მოროს შეხვდა

 
29.03.2019 ქ.თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორს, პასკალ მოროს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში UNHCR-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორს საქართველოში ვიზიტისთვის და UNHCR-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობისთვის.
 
დავით ზალკალიანმა პასკალ მოროს  მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს. საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებს და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
 
მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.