დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე სიტყვით გამოვიდა

17.05.2018 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე სიტყვით გამოვიდა.  ღია დებატი თემაზე: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება - საერთაშორისო სამართლის დაცვა,  პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თავმჯდომარეობით გაიმართა.

საკუთარ გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის როლსა და მნიშვნელოვნებაზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და თავად უშიშროების საბჭოს როლს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დავების მოგვარების პროცესში. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა გასულ ათწლეულში ნათლად გამოჩნდა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფისა და უხეში დარღვევების ფაქტები.

დავით ზალკალიანმა საბჭოს წევრებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ საქართველო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ განხორციელებული აგრესიის აქტის მსხვერპლი გახდა, რაც თან სდევდა წინა ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასა და სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობებს. დავით ზალკალიანის განცხადებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი გამოძიების პალატის გადაწყვეტილებაში საუბარია ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ  გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) მანდატისთვის ვეტოს დადებაზე, რამაც ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგი აღკვეთა.

სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღინიშნა, რომ რუსეთის ქმედებები მიმართულია ფაქტიური ანექსიისკენ. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს და მძიმე აღჭურვილობას. მინისტრის პირველმა მოადგილემ დებატის მონაწილეებს გააცნო ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება და აღნიშნა, რომ ამის ძალზედ სამწუხარო მტკიცებულებაა გასულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების ა. ტატუნაშვილისა და გ. ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობების ფაქტები.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, კონფლიქტის მოგვარებისათვის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ძალისხმევებსა და ინიციატივებზე, ძალის არ გამოყენების ვალდებულებასა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების გზით სამართლის ძიებაზე. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით ამ მცდელობების წარმატებისთვის აუცილებელია, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა ორივე მხრიდან და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას.

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 6 წლის შემდეგ მსგავსი ქმედებები განმეორდა უკრაინაში, რაც ნათლად მიგვანიშნებს მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირების მნიშვნელობაზე საერთაშორისო სამართლის შემდგომი დარღვევების პრევენციის მიზნით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო სამართლის კომისიის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის  მნიშვნელობაზე.