დავით ზალკალიანი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

7.05.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან.   

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა კორუფციის აღმოფხვრის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური რეფორმების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

“ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მეტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის დივერსიფიცირებული და ეს ვიზიტი დაგვეხმარება იმაში, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან: აფრიკის რეგიონის, კარიბის, წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკის წარმომადგენლებთან ვისაუბროთ  იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, კერძოდ რეფორმების გაზიარების კუთხით. მათ ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ იუსტიციის სახლს, გაიგონ ის რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ასევე, ეს არის კარგი შესაძლებლობა რათა ჩვენ ვისაუბროთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ბუნებრივია საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ამ ვიზიტის დროს“ - განაცხადა ზალკალიანმა.

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით საქართველოს ელჩები მსოფლიოს სამი რეგიონიდან ეწვივნენ „ეს არის მნიშვნელოვანი რათა სხვადასხვა ქვეყნებმა უფრო ახლოს გაიცნონ საქართველო, ვისაუბროთ როგორც ქვეყნის პრობლემატიკაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს და რაც მთავარია მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს და როგორ შეიძლება ამ სფეროებში თანამშრომლობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებთან“ - განაცხადა მან.

დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქათველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივაზე.  მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური თემები.

„საქართველოში პირველად ვარ, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები. კონკრეტულად ვიზიტით ვეწვიეთ საქართველოს  იმისათვის რომ უკეთ  გავიგოთ და შევისწავლოთ როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხები, ასვე მისი საგარეო პოლიტიკის თემები.  ეს კი საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის რომ დამყარდეს კავშირი თქვენს ხელისუფლებასთან და განვიხილოთ როგორც საქართველოს ასევე  საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის მრავალი საკითხი“ - განაცხადა ელბიო როსსელმა, ურუგვაის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. 

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში 11 მაისამდე დარჩებიან. ვიზიტის მიზანია საქართველოს, მისი კულტურის, ქვეყანაში გატარებული რეფორმებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.