დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

25.02.2019, ჟენევა -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში მაღალი დონის სეგმენტის სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოქმედ პრეზიდენტთან კოლი სექთან.

ქართულმა მხრემ მიულოცა დიპლომატს ეს პოზიცია და გამოთქვა იმედი, რომ იგი ხელს შეუწყობს ორგანიზაციის შემდგომ განვითარებას და ადამიანის უფლებების საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების აზრის კონსოლიდაციას.
 
 
მინისტრმა ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა შექმნილი მძიმე ჰუმანტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხის ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგში არსებობის მნიშვნელობას, მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს ინიცირებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში”.
 
მინისტრმა საბჭოს პრეზიდენტს გააცნო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”.
 
შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საბჭოს ინსტიტუტის მნიშვნელობას და მის როლს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, განსაკუთრებით  იმ ფონზე, როდესაც  საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მიუხედავად მსოფლიო კვლავ დგას ამ მხრივ სერიოზული გამოწვევის წინაშე.
 
მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ადამიანთა უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე და ვრცლად ისაუბრა ამ მხრივ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და ახალ ინიციატივებზე.