დავით ზალკალიანი: გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ

2.05.2017 თბილისი - 2017 წლის 2 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან.  შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერო-ს ელჩებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გარდა ამისა ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მათ მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ე. წ. არჩევნებთან, რეფერენდუმებთან დაკავშირებით. რადგანაც მოგეხსენებათ უაღრესად მნიშნველოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის სწრაფი და დროული რეაგირება ყველა ამ პრობლემაზე. გაეროს წევრი ქვეყნების ინფორმირება იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არა მარტო ახორციელებს ამ რეფორმებს, არამედ ჩვენ ვართ ამ რეფორმების ექსპორტიორი. ჩვენ ვუზიარებთ ამ რეფორმებს სხვადასხვა ქვეყნებს, აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან 30 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში. ვიზიტის მიზანია საქართველოს კულტურის, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს, ასევე მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ტექნოლოგიურ პარკს და სხვადასხვა მუზეუმს.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ვიზიტით ეწვივნენ ქ. ბათუმს, სადაც გამართეს შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.