დავით ზალკალიანი გაფრინდაშვილის საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ნატო-სა და გაერო-ს გენმდივნის მოადგილეებს ესაუბრა

20.11.2019 ბრიუსელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან.

როგორც დავით ზალკალიანმა, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხი გახლდათ საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან  მირჩა ჯეოანასთან შეხვედრის დროს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური ფორმატი, იმისათვის, რომ დაუყონებლივ მოხდეს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება.
„მქონდა კომუნიკაცია ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც დეტალურად ჩავაყენე საქმის კურსში და მას როგორც ეუთოს თავმჯდომარეს ვთხოვე, რომ აქტიური ნაბიჯები გადაიდგას ეუთოს მხრიდან იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება, მქონდა ასევე საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან და ისიც ასევე ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ და აუცილებელია რომ ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს ექიმის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის, მქონდა კომუნიკაცია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გაეროც ჩართულია ყველა მისი ინსტიტუტით საკითხის მოგვარებაში, ასევე აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე. ყველა არსებული რესურსი არის ამოქმედებული და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეს არის მიუღებელი, გვერდზე რომ გადავდოთ პოლიტიკური საკითხი, ეს არის სუფთა ჰუმანიტარული ასპექტით მიუღებელი. ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო მძევალი. ის უნდა იყოს დაუყონებლივ გათავისუფლებული და ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი გეგმა, ვითარების ყველა სცენარით განვითარებისთვის“- განაცხადა ზალკალიანმა.