დავით ზალკალიანი ჰარვარდის, ტაფტსის უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეხვდა

30.05.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ს წამყვანი სასწავლებლების, ჰარვარდის კენედის სკოლის, ტაფტსის ფლეჩერის სკოლის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და რამდენიმე სხვა წამყვანი სასწავლებლის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან. სტუდენტთა ჯგუფი საქართველოს ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის მმართველობის სკოლის ევრაზიის ლიდერთა პროგრამის ფარგლებში სტუმრობს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიდგომებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის კუთხით.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც  სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური ჰაბის როლს რეგიონში. სხვა საკითხებთან ერთად, აღინიშნა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზანშეწონილობა.