დავით ზალკალიანი იაპონიის პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობებში სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

6.03.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში ტომოჰიკო ტანიგუჩისთან, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში ეწვია. 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს და იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობა და დადებითად შეაფასეს მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას.

ტომოჰიკო ტანიგუჩიმ საქართველოს მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იაპონიის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ისაუბრა იაპონიის პრიორიტეტებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად გააცნო იაპონიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული სიტუაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რომლის მსხვერპლად არაერთი საქართველოს მოქალაქე იქცა. ხაზი გაესვა 22 თებერვალს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს აღნიშნულ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისთვის.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ტომოჰიკო ტანიგუჩი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.